პოლიტიკური შეცდომა - დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადება გააკრიტიკა

Sputnik
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. პოლიტიკური შეცდომა და არასწორი განცხადება – ასე შეაფასა პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადება.
ხაბეიშვილმა გუშინ თბილისის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე „ერთად ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, ვინ არის საქართველოში ნამდვილი და ვინ თვითმარქვია ოპოზიცია. ხაბეიშვილის თქმით, კვირას პარლამენტის შენობასთან აქციაზე „ნამდვილი ოპოზიციონერები" მივიდნენ.

„ლევან ხაბეიშვილი ვერასდროს შეძლებს დამაბულინგოს. მე მის სიტყვებს არ ვიღებ როგორც ბულინგს, ეს მისი მხრიდან არასწორი განცხადება და პოლიტიკური შეცდომაა", – განაცხადა ელისაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ის არასოდეს წავა ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილისა და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე.
„ბოდიში, მაგრამ კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის აქციაზე არასდროს წავალ, არც ვყოფილვარ და არც ვაპირებ წასვლას და ამიტომ ვარ ცუდი ოპოზიცია? პირიქით, შემიძლია მას საყვედური ვუთხრა", – განაცხადა ელისაშვილმა.
„ეროვნულმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას ოთხი მოთხოვნა წაუყენა>>>
„ნაციონალურ მოძრაობაში" დაინახეს, რომ ადამიანები მათი ორგანიზებით გამართულ აქციებზე აღარ მიდიან და ახლა გადაწყვიტეს თავდასხმა ისეთ პარტიებზე, როგორიცაა „მოქალაქეები".
„ეს სასაცილოა", – განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" მართავენ, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კი მხოლოდ მათ მითითებებს ასრულებს.
როგორც ადრე თავდაცვის ექს-მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება საქართველოს პროდასავლურ ფლანგს და იგი ერთ-ერთი მათგანია. თავის მხრივ, ვანო მერაბიშვილმა საქართველოში საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა.