თბილისში „ნაცმოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით გაემართნენ.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია „ერთად ევროპაში“ მიმდინარეობს, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი ადგილიდან.
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები უკავიათ.
აქციის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით გაემართნენ.
დარჩა სამი: „ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს ასრულებს >>
აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებისგან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას, ტელეკომპანია „მთავარი“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ასევე 7-9 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.
„ცხადია, რომ სანამ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არის საფრთხეში და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი დღეს ნამდვილად არის საფრთხეში, რადგან „რუსული ოცნება“ გვყავს ხელისუფლებაში, მანამდე ეს აქციები იქნება, მანამდე იქნება ბრძოლა და ჩვენ ყველა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების, მიუხედავდა განსხვავებისა, ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი დღეს უზრუნველყოფილი იყოს“, - ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე.
აქციის დაწყებისთანავე სცენიდან გაისმა საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები.