თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. რიგით 26-ე თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი (Tbilisi Jazz Festival) 9-დან 11 მაისამდე დედაქალაქში მსოფლიოში ცნობილ არტისტებს გააერთიანებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
კონცერტები Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გაიმართება.
ფესტივალის პირველ დღეს გაიმართება ქართველი მუსიკოსის, ლუკა თოფურიას კონცერტი, რომელიც სცენაზე ბენდთან ერთად წარდგება. იმავე საღამოს ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება JAZZ/TAKES SUPERGROUP ლეგენდარულ მუსიკოსებთან ერთად: დანიელი ჯაზ პიანისტი ნილს ლან დოკი, ამერიკელი ჯაზ პიანისტი ბილ ევანსი, ამერიკელი ბასისტი ფელიქს პასტორიუსი, ამერიკელი ჯაზ დრამერი ჰარვი მეისონი.
მეორე დღეს, 10 მაისს, Jazz Q ჯგუფთან ერთად ჩეხი მუსიკოსი მარტინ კრატოხვილი წარდგება. ასევე გაიმართება იტალიელი კომპოზიტორის, პიანისტის სტეფანო ბოლანის კონცერტი, რომელსაც გენიოსს უწოდებენ.
დასკვნით საღამოზე დაანონსებულია იტალიური ბენდის Motel Kaiju-ს, ასევე ლეგენდარული ამერიკელი ბას-გიტარისტისა და კომპოზიტორის სტენლი კლარკის კონცერტები.
თბილისში ჯაზის ფესტივალი პირველად ჯერ კიდევ 1978 წელს ჩატარდა. ტრადიცია 1998 წელს აღადგინა კომპანია Eastern Promotions-მა, რომელიც ოთხმა მეგობარმა ენთუზიასტმა დააფუძნა. მისი წყალობით საქართველოს დედაქალაქის სცენაზე მთელი მსოფლიოდან ჯაზის არაერთმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა.