თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერიას ვაკის პარკში მდებარე მეორე მსოფლიო ომის გმირების მემორიალის გადაკეთებისა და ასევე სახელის შეცვლის ინიციატივით მიმართა.
ვაკის პარკი 1946 წელს ტრიალ მინდორზე გაშენდა. 2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი ანთია. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრის ტრადიციული ადგილი 9 მაისს.
„მინდა გაგიზიაროთ, ერთი ჩემი არა ახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არასდროს ვკარგავ. ამის შესახებ უკვე რამდენიმე წელია მივწერე, თბილისის მერს და სხვებს, რომ „ვაკის პარკში“ მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა კონცერტზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს მიეძღვნა.
პრეზიდენტის თქმით, მემორიალმა უნდა გააერთიანოს ყველა ის ბრძოლა, რომელიც საქართველომ გადაიტანა.
„ისე უნდა გადაკეთდეს, რომ მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი მებრძოლი და ყველა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იყოს გაერთიანებული. ჩვენ თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ეს იქნება ძალიან დიდი ნიშანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ასე უფრო მარტივად ავუხსნით საქართველოს სტუმრებსა და მოსწავლეებს, რას არის ქვეყნის ისტორია.
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ეს დღე უნდა აღინიშნოს ზეიმით და არა გლოვით. პრეზიდენტმა და დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
პრეზიდენტის მოწვევით ღონისძიების სტუმრებს შორის იყო საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ყველა მორწმუნეს ასევე მიულოცა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული - უფლის იერუსალიმში შესვლა, ანუ ბზობა.