თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესების საკითხი და გაარკვიოს, რა დაედო საფუძვლად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ასეთ გადაწყვეტილებას, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
„საქმე ეხება სასამართლოს, ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს რეპუტაციას, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქართველოს სუვერენიტეტს და აქედან გამომდინარე, ამას ვერ შევეშვებით. ჩვენ პასუხი უნდა მივიღოთ, თუ რას ეფუძნებოდა გადაწყვეტილება. შეცდომა თუ დაუშვეს, შეცდომასაც ხომ აღიარება სჭირდება? ჩვენ გავაგრძელებთ კითხვების დასმას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეფუძნებოდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებაში დამნაშავე არის არა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, არამედ აშშ-ის საელჩო საქართველოში და პირადად ელჩი.
„ახლა, ბლინკენი რომ არ არის დამნაშავე, ეს ხომ ცხადია? ბლინკენი, რა თქმა უნდა, ვერ უღრმავდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ბევრად მეტი საქმე აქვს. ბლინკენი არ არის ის პირი, ვისაც კითხვები უნდა დავუსვათ. ალბათ უნდა ვკითხოთ ელჩს, რომელიც აქ არის, უნდა ვკითხოთ საელჩოს“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევასთან დაკავშირებული პროცესები ამ ინციდენტამდეც დაიწყო, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის საქმით, რომელიც, თავად მოსამართლის თქმით, დაიბარეს აშშ-ის საელჩოში და „მოსთხოვეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე“.
„საქართველოს კონსტიტუცია ამას უკრძალავს ნებისმიერს. მე რომ დავიბარო მოსამართლე და ვუთხრა, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა და როგორ შეიძლება, ამას უცხოელი აკეთებდეს? ეს ხომ ნიშნავს ელემენტარულ უპატივცემულობას შენი ქვეყნის კონსტიტუციის, სუვერენიტეტის, სახელმწიფო ინსტიტუტების, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ?! ეს რაღაც პატარა გადაცდომა კი არა არის, არამედ არის უმძიმესი ქმედება“, – განაცხადა კობახიძემ.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის ივნისში განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომ საელჩო დაინტერესდა, რატომ გამოიტანეს გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
როგორც ადრე საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.