თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. მთავრობის გადაწყვეტილებით 6 აპრილიდან მოიხსნა საქართველოდან ხორბლის ექსპორტის დროებითი აკრძალვა, რომელიც 1 ივლისს უნდა გაუქმებულიყო, განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებული იყო სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდა.
გადაწყვეტილება აკრძალვის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ მთავრობამ სოფლის მეურნეობის ინიციატივით მიიღო, რომლის მიზანი იყო ფერმერების მიერ ხორბლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეზღუდვები 2022 წელს რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გათვალისწინებით დააწესეს. მაგრამ დღეს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების, მათ შორის, ხორბლის დეფიციტის რისკი არ დგას.
„ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მოსავლის რეალიზაცია მოახდინონ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ქვეყანას ხორბალი შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანია.
საქართველოში მოხმარებული ხორბლის მხოლოდ 10-15%-ია ადგილობრივი წარმოების, თუმცა ხელისუფლება უახლოეს წლებში ამ მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს.