თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო სანქციების შემოღების თაობაზე აბსოლუტურად ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იყო მიღებული, განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ვალერიან ცერცვაძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ წევრს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში“.
როგორც ცერცვაძემ სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, ის კატეგორიულად არ ეთანხმება გამოთქმულ ბრალდებებს.
„მინდა აღვნიშნო, რომ 6 წელია, რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად, ჩემი უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება“, – დაწერა ცერცვაძემ.
არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომლებიც დაადასტურებდა გაჟღერებულ ბრალდებებს, აღნიშნა მან.
„მიმაჩნია, რომ ყოველგავარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები ატარებს პოლიტიკურ შინაარსს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
რაც შეეხება მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულების მიზეზებს, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სანდო ინფორმაციის საფუძველზე – რომ აღნიშნული მოსამართლეები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ თავიანთი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები, და მათ მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია საკმარისია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებისთვის სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციების დაწესების გადაწყვეტილების უკან კორუფციული პროცესებია.
სანქცირებული მოსამართლეები
ლევან მურუსიძე არის ყველაზე სკანდალურად ცნობილი მოსამართლე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გამოტანის გამო. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია და საქმეების განხილვისას ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლების პირობებში მოქმედი კანონებით და სხვა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.
უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობისას ლევან მურუსიძემ გააგრძელა კარიერა და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას „სასამართლო კლანის“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებს პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ.
მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც მოსამართლე, არ მონაწილეობდა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა ოპოზიციამ ის სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის შუამავლობაში არაერთხელ დაადანაშაულა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მსჯავრდებულმა სოსო გოგაშვილმა ჩინჩალაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის დამკვეთი უწოდა კონკრეტულ საქმეებზე.
ვალერიან ცერცვაძეს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელს, უკავშირდება ისტორია, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს მიუკერძოებლობა ორ კერძო კომპანიას iTechnic-სა და iPlus-ს შორის არსებულ დავაში. მოსამართლის ახლობლები iTechnic-ის მფლობელები აღმოჩნდნენ, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა.
ირაკლი შენგელიას სახელი ნეპოტიზმის ფაქტს უკავშირდება. მისმა მეუღლემ, დამ და დისშვილმა მისი დანიშვნის შემდეგ მუშაობა სასამართლო სისტემაში დაიწყეს. გარდა ამისა, მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა თავისი სიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას.