თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომას გამართავენ, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ლუკაშენკო მოსკოვში გუშინ, 5 აპრილს ჩაფრინდა და ცალკე შეხვდა პუტინს. საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა წარმატებით მუშაობს ყველა სფეროში, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, სახელმწიფოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში და ეკონომიკურ სფეროში.
ბელარუსის ლიდერის პრეს-სამსახურის ცნობით, 6 აპრილის სხდომაზე განხილული იქნება საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ 2021-2023 წლების ხელშეკრულებებისა და საკავშირო პროგრამების განხორციელების მიმართულები.
კიდევ ერთი საკვანძო თემა იქნება საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება. გარდა ამისა, შეხვედრაზე შეჯამდება შედეგები და განიხილება ერთობლივი სამუშაოები მომავალი პერიოდისთვის.
როგორც საკავშირო სახელმწიფოს მდივანმა დმიტრი მეზენცევმა განუცხადა ჟურნალისტებს, საბჭოს სხდომაზე დაგეგმილია კავშირის ინფორმაციული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა, რომელიც გარკვეულწილად იქნება პასუხი აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ვითარებაზე. მეზენცევის თქმით, შეხვედრის დღის წესრიგში ასევე შეიძლება შევიდეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა საკავშირო ბიუჯეტი, ორ ქვეყანას შორის როუმინგის გაუქმება, საკავშირო სახელმწიფოს სიმბოლიკა.