აჭარის ტურისტული პოტენციალი იტალიაში სოფლის ტურიზმის გამოფენაზე იყო წარდგენილი

ქართული ფოლკლორის გაცნობა სტუმრებს ანსამბლ „სტუდია ჯორჯიას" დახმარებით შეეძლოთ.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს იტალიაში, ბერგამოს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის სტუმრები გაეცნენ, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
გამოფენის სტუმრებს აჭარის სტენდთან ქართული ღვინის, ჩირის, ყველისა და ჩურჩხელის გასინჯვის საშუალება ჰქონდათ. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ფოლკლორის გაცნობის, რომელიც მათ იტალიაში ქართველი ემიგრანტების ანსამბლმა „სტუდია ჯორჯიამ" წარუდგინა.
გამოფენის თემატიკა ძირითადად ეკოლოგიურ სოფლის ტურისტულ პროდუქტებს შეეხებოდა.
აჭარამ საზღვაო ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო>>
გამოფენაში მონაწილეობდნენ იტალიის ცალკეული რეგიონები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაცია, რომლის წევრიც არის აჭარა.
აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას მიმდინარე წლის ბოლომდე გააგრძელებს. ამ დროისათვის რეგიონი უკვე წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენებზე მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა შორისაა ბერლინი, ისრაელი, მადრიდი, მილანი და ევროპის სხვა ქვეყნები და ქალაქები.