კონკურენციის სააგენტო კინოთეატრების ბილეთების ონლაინ-ბაზარზე დარღვევებს იკვლევს

სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ელ.ბილეთების" საჩივრის საფუძველზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საკითხი შეეხება კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას („კონკურენციის შესახებ" კანონის მე-6 მუხლი) და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს, ე.წ. კარტელურ გარიგებებს („კონკურენციის შესახებ" კანონის მე-7 მუხლი) გულისხმობს.
დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ერთი ეკონომიკური აგენტის მიმართ, ხოლო, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფაქტზე – ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ.
რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში>>>
სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით კი მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.
ამ ეტაპზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში.
2023 წელს უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.