თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. გერმანელი ჩინოვნიკებისთვის სასარგებლო იქნებოდა, რომ რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას გამოსვლის შინაარსს გაცნობოდნენ, დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ Telegram-არხზე.
„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბავშვთა უფლებების ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას პრესკონფერენცია გაიმართა უცხოური მედიისთვის, რომელიც რუსეთის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენების ინსტიტუტის ძირითად საქმიანობას მიეძღვნა. გერმანელი ჩინოვნიკებისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა მისი შინაარსის გაცნობა, რათა ბავშვების დაცვა რეალური სისტემური მუშაობის მაგალითებიდან ისწავლონ. კრიმინალური სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, გერმანიას აშკარად არ ჰყოფნის ასეთი ძალისხმევები“, — მიაჩნია ზახაროვას.
საგარეო უწყების სპიკერმა გერმანიაში 2022 წლის დანაშაულის მდგომარეობის შესახებ დახურულ ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების შესვლის შემდეგ დანაშაულმა მნიშვნელოვანად მოიმატა.
„უკრაინელი ლტოლვილების შედინების გათვალისწინებით, რომლებიც რეალურად გაითქვიფნენ გერმანულ საზოგადოებაში და იქ დოკუმენტების, რეგისტრაციის, სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის გარეშე ცხოვრობენ, [დანაშაულის] რეალური მაჩვენებლები შეიძლება ბევრად მეტი იყოს“, — წერს ზახაროვა.
მანამდე დიდმა ბრიტანეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას გამოსვლის ტრანსლაცია აკრძალა. ლვოვა-ბელოვა, რომელზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა დაპატიმრების ორდერი (ვლადიმირ პუტინთან ერთად), რუსეთის ინიციატივით მოწვეულ სხდომაზე უკრაინიდან ევაკუირებული ბავშვების თემაზე აპირებდა სიტყვით გამოსვლას.
როგორც გაეროში ბრიტანეთის წარმომადგენლობა წერს, მარია ლვოვა-ბელოვას, რომელიც „უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და გადაადგილებაზეა“ პასუხისმგებელი, არ შეიძლება გაეროს პლატფორმა დაეთმოს დეზინფორმაციის გასავრცელებლად. „თუ მარია ლვოვა-ბელოვას საკუთარ მოქმედებებზე საუბარი სურს, მას ამის გაკეთება ჰააგაში შეუძლია“, – აღნიშნეს წარმომადგენლობაში.