თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. დემოგრაფიულ საკითხებზე და განვითარების სტრატეგიებზე იმუშავებს სპეციალური საბჭო, რომელშიც შევლენ მინისტრები, საპარლამენტო კომიტეტების სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელები და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
დემოგრაფიული განვითარების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატების (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) ფონზე, რომელიც ზედიზედ მეორე წელია მეორდება.
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება საბჭოს შექმნის და მისი მუშაობის წესდების შესახებ ძალაში შევიდა.
საბჭოს უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი და მასში შევა მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი, ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ასევე საშინაო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები.
საბჭოს მთავარი მიზანი იქნება საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება და ერთიანი მიდგომის შემუშავება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილებასთან.
საბჭო თავისი მუშაობის ფარგლებში შეიმუშავებს 2023-2030 წლების დემოგრაფიული განვითარების სტრატეგიას და წარადგენს მისი განხორციელების გეგმას.
ამასთან, გეგმების განსახორციელებლად საბჭო მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივებს, შეიმუშავებს დარგობრივ სტრატეგიებს დემოგრაფიული განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად და ასევე გაუწევს მონიტორინგს სტრატეგიის შესრულებას.
საბჭო ყოველ ექვს თვეში ერთხელ შეიკრიბება.
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. 2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელი იყო, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 71,4 წელი. ამასთან, საქართველოში პირველი შვილის გააჩენის საშუალო ასაკი 26,4 წელია.