თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხუთი წევრის დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
24 მარტს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ გიორგი ამილახვარს, თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს, გიორგი ხელაშვილსა და ირაკლი კოვზანაძეს.
ეს პოლიტიკოსები მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" სიით მოხვდნენ, შესაბამისად, მათი ადგილები საკანონმდებლო ორგანოში სიაში მომდევნო პირებმა უნდა დაიკავონ.
ამგვარად, ამილახვრის ადგილი პარლამენტში დაიკავა გიორგი ჩაკვეტაძემ, მის სადეპუტატო უფლებამოსილებას მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა. ამდენივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი მერაბ ქვარაიას, რომელმაც ხელაშვილი შეცვალა.
თენგიზ შარმანაშვილს, რომელმაც კოვზანაძე შეცვალა, ასევე სალომე ქურასბედიანს, რომელსაც მანდატი ნინო იობაშვილის ნაცვლად ერგო გენდერული კვოტის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა პარლამენტის 87-მა დეპუტატმა.
ყველაზე მეტი ხმა მიიღო ირაკლი კვარაცხელიამ, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში ჩაჩიბაია შეცვალა.
ვინ სად წავიდა
ამილახვარს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა მისი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნის გამო.
გადაწყვეტილებები ჩაჩიბაიასა და იობაშვილთან დაკავშირებით ასევე დანიშვნებს უკავშირდება. ჩაჩიბაია პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა, იობაშვილი ასევე პრემიერის მრჩეველი გახდა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში.
ხელაშვილი დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად.
რაც შეეხება კოვზანაძეს, მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა არანაირ დანიშვნას არ უკავშირდება, მან განცხადება დაწერა და მანდატზე უარი თქვა.