„საკუთარ ბოსტანს მიხედონ" - მმართველ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობაში" უპასუხეს

ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უფლება აქვს გამოძიება ჩაატაროს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. პარტიების ფინანსური ანგარიშები თითქმის ყოველთვიურად მზადდება, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მდივანმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.
მანამდე თავდაცვის ექს-მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება საქართველოს პროდასავლურ ფლანგს და იგი ერთ-ერთი მათგანია. კეზერაშვილის თქმით, მას ურთიერთობა აქვს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ხელმძღვანელობასთან და, სურვილის შემთხვევაში, მზადაა დაეხმაროს მას. მმართველ პარტიაში კეზერაშვილის განცხადებებში პოლიტიკური კორუფციის ნიშნები დაინახეს.
„არსებობს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც პარტიების ფინანსებზე კონტროლს ახორციელებს. თითქმის ყოველთვიურ რეჟიმში ხდება ანგარიშგება. ამიტომ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს და არცერთ პარტიას არ აქვს პრობლემა ამ მიმართულებით კითხვებზე პასუხის გაცემის“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს პოლიტიკური პარტიების დაშინების ერთ-ერთ მეთოდად დაფინანსების საკითხი გამოიყენოს, რაც, ბეჟაშვილის თქმით, არანაირ შედეგს არ მოიტანს.
„ქართული ოცნება" კეზერაშვილის განცხადებაში პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ხედავს>>>
„ქართულ ოცნებას“ უფლება აქვს გამოძიება ჩაატაროს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ მთავარია, კონცენტრირდნენ პრობლემაზე, როგორიც არის კორუფცია სახელისუფლო სისტემებში, სადაც ჩართულია ყველა თანამდებობის პირი როგორც უმაღლეს, ისე მუნიციპალურ დონეზე... ამიტომ ჯერ თავიანთ ბოსტანს მიხედონ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მმართველ პარტიაში უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს და მას ოლიგარქად მოიხსენიებენ.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა" დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებზე კეზერაშვილმა მხარი ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას დაუჭირა, რომელიც საბოლოოდ პარტიის თავმჯდომარე გახდა.
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.