თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. გერმანულმა სადაზღვევო კომპანიებმა Allianz-მა და Munich Re-მ დაზიანებული რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის დაზღვევა განაახლეს, იუწყება Reuters ხუთ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც სააგენტო წერს, ორი უდიდესი გერმანული კომპანიის დაზღვევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაზსადენის მომავლისთვის, რომელიც ევროპაში რუსული გაზის ძირითადი მარშრუტი იყო ათი წლის განმავლობაში, ვიდრე გასული წლის სექტემბერში მასზე დივერსია მოხდებოდა.
სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს თქმით, დაზღვევა დაფარავს გაზსადენისთვის მიყენებულ ზარალს, ასევე იმ პრობლემებს, რომლებიც საქმიანობის შეჩერებას მოჰყვა. გარდა ამისა, დაზღვევა გააიოლებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ მილსადენით რუსული გაზის ევროპაში მიწოდება აღდგეს.
ამასთან აღინიშნება, რომ დაზღვევის განახლება ბერლინის მოსკოვისადმი საჯარო პოზიციასთან წინააღმდეგობაშია, თუმცა, როგორც ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, გერმანიის მთავრობას დაზღვევა არ გაუპროტესტებია. სხვა წყაროს თქმით კი, Nord Stream-ის ზოგი აქციონერი დაზიანებული მილსადენის შენარჩუნებას მოითხოვს იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვსა და ბერლინს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება.
„როიტერის“ ცნობით, სადაზღვევო კომპანიებმა და გერმანიის კანცელარიამ უარი თქვეს კომენტარზე. თუმცა საქმეში ჩახედულმა ზოგიერთმა ჩინოსანმა სააგენტოს უთხრა, რომ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ აქვს „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის აღდგენის იმედი, მაგრამ არა უახლოეს მომავალში.
წყარო: Reuters