თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. იშვიათი დაავადებების საკითხებზე საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს არ მისცა დადებითი რეკომენდაცია იშვიათი დაავადების – აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის შესყიდვაზე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
იშვიათი თანდაყოლილი დაავადება აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ და მთავრობისგან ამ დაავადების სამკურნალოდ შექმნილი მსოფლიოში პირველი და ერთადერთი პრეპარატის Voxzogo-ს („ვოქსზოგო“) შემოტანასა და დაფინანსებას მოითხოვენ.
საკოორდინაციო საბჭომ განიხილა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და შეისწავლა ეს პრეპარატი. ამისთვის საბჭოს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო), პაციენტების დაცვის ევროპულ ორგანიზაციებს, სადაც ამ თემაზე დისკუსიები ჩატარდა. სწორედ ამის შემდეგ მიიღეს მათ გადაწყვეტილება, არ მისცენ ჯანდაცვის უწყებას დადებითი რეკომენდაცია.
საბჭო მიიჩნევს, რომ მედიკამენტი ექსპერიმენტულია და სხვადასხვა გვერდით ეფექტს იწვევს. ამ მედიკამენტს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ ყიდულობს. ამ პრეპარატის დაფინანსების განხილვა გვერდითი მოვლენების გამო შეწყვიტეს გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა, განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა ჩატარდა, სამინისტროში კი იშვიათი დაავადებების საკითხებზე უწყებათშორისი ჯგუფი შეიქმნა.
ერთ ბავშვზე წლიური დოზის ღირებულება 900 ათას ლარს აღწევს, განაცხადა მინისტრმა. პრეპარატის გამოყენება აუცილებელია სრულწლოვანებამდე, ხოლო მაქსიმალური ეფექტი წამლისგან, კვლევების თანახმად, წელიწადში 1,6 სანტიმეტრით ზრდაა, აღნიშნა მან.
აზარაშვილის თქმით, პრეპარატს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს და განსაკუთრებულ შემთხვევებში.
აქონდროპლაზია არის თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც ირღვევა ჩონჩხის და თავის ქალის ფუძის ძვლების ზრდის პროცესი. პათოლოგიის განვითარების მიზეზია გენეტიკური მუტაცია. ზოგიერთი ნაყოფი მუცლად ყოფნის პერიოდშივე იღუპება. დარღვევები შესამჩნევია სიცოცხლის პირველივე დღეებიდან: თავი გადიდებულია, კიდურები დამოკლებულია.