თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში დიდად არ განსხვავდებოდა ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლისგან, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში დაადანაშაულა.
„მთავარი შთაბეჭდილება, რომელიც მე გამიჩნდა პრეზიდენტის გამოსვლისას, ეს იყო ის, რომ ანა ნაცვლიშვილის, ან ნიკა მაჭუტაძის, ან ანა წითლიძის გამოსვლებისგან დიდად შორს წასული ან განსხვავებული პრეზიდენტის გამოსვლა, ჩემდა სამწუხაროდ, არ იყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პრეზიდენტის გამოსვლას ძალზე მიკერძოებული უწოდა, რადგან მან, მაგალითად, არაფერი თქვა საერთაშორისო არენაზე საქართველოს მიერ უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერაზე.
„ეს რატომ არ თქვა პრეზიდენტმა? ხომ შეეძლო ეთქვა? ამ შემთხვევაში იქნებოდა მიუკერძოებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც უფრო ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდამჭერ 400-ზე მეტ რეზოლუციას, ხოლო ზოგიერთის თანაავტორიც იყო.
ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მან ყველა შესაძლებლობა გამოიყენა – პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშორისო ტრიბუნები და საერთაშორისო მასმედია, რათა დაეცვა და გაემყარებინა საქართველოს ევროპული მისწრაფებები და მიღწევები.
რაც შეეხება იმ დეპუტატებთან შედარებას, რომლებიც სარჯველაძემ ახსენა, ანა ნაცვლიშვილი არის ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ნიკა მაჭუტაძე და ანა წითლიძე – ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.