თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ჩვენთვის უალტერნატივო მიზანია – საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ბოლო ათწლეულებში საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. იყო ბევრი წარმატება, თუმცა იყო სირთულეებიც, რომლებიც დღესაც არის, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანია. მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო.
„ეს იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა და კითხვა – საქართველო ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და პერსპექტივას, უკვე აღარ არსებობს ჩვენ წინაშე. ეს არის დიდი მიღწევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.