თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიუღებელი უწოდა ევროპარლამენტის დეპუტატის ვიოლა ფონ კრამონის დასწრებას თბილისში გამართულ აქციაზე.
გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა, 1 აპრილს საქართველოს მთავრობის შენობასთან მონაწილეობდა პოლიციის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში. გრიგორიადისი დაკავებულია პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო ავტომობილის დაწვის გამო. გამოძიების მონაცემებით, 21 წლის მამაკაცი რუსთაველზე აქციების დროს პოლიციელებს ესროდა ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს.
„ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულებაა... როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება პოლიტიკური პარტიის მიერ გამართულ აქციას, ეს თავისთავად უკვე მიუღებელია და აჩვენებს დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ეს დამოკიდებულება კი არ არის სწორი", – განაცხადა კობახიძემ.
აქციაზე კრამონმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, გრიგორიადისი არის კიდეც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, მაგრამ ის რომ გამოყვეს და საჩვენებელ მაგალითად აქციეს, ეს სირცხვილია.
ევროდეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ყველას აქვს თანაბარი უფლება, გააპროტესტოს კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ. გარდა ამისა, მან სოლიდარობა გამოხატა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ვინც მხარს უჭერს პროდასავლურ და ევროპულ პოზიციებს.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც ბევრჯერ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
გრიგოლიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.