თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთო.
ჯამში ამ პროგრამით 1.850 ბავშვი და მოზარდი დაფინანსდება. პროგრამა ვრცელდება 2-დან 18 წლამდე ბავშვებზე. ის მოიცავს თვეში 20 საათ თერაპიას, საიდანაც 16 საათი ქცევითი თერაპიაა, დანარჩენი დრო არჩევითია – ლოგოპედია, ოკუპაციური თერაპია და სხვ.
თბილისის მერიის ცნობით, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე რეაბილიტაციის ცენტრ „ფაზლს“ ეწვივნენ, სადაც პროგრამაში ჩართულ პირთა ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა თერაპიული სეანსისთვის საჭირო ახალი სივრცეები დაათვალიერეს.
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი 7,3 მლნ ლარს შეადგენს.
აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამა გაფართოვდა
© Courtesy of Tbilisi City Hall
მუნიციპალიტეტის მერიამ აპრილიდან პროგრამის ვაუჩერის ღირებულებაც გაზარდა და ერთი ბავშვის და მოზარდის ყოველთვიური დაფინანსება, 400 ლარის ნაცვლად, 450 ლარი გახდა.
ბენეფიციარების რაოდენობის ზრდის პარალელურად გაიზარდა იმ დაწესებულებების რაოდენობაც, რომლებიც ამ სერვისს ახორციელებენ. ამ დროისათვის მერიის პროგრამაში ცხრა დაწესებულებაა ჩართული.
აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამა გაფართოვდა
© Courtesy of Tbilisi City Hall
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
რამდენი ადამიანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე, უცნობია. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი რეგიონებში, სადაც მშობლებს რცხვენიათ საკუთარი შვილების გამოჩენა, ბევრს ბოლომდე არა აქვს გაცნობიერებული, რითია დაავადებული მათი შვილი და როგორ უნდა მოეპყრონ მათ.
2013 წელს განათლების სამინისტრომ პროგრამა „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის" ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო სკოლებში ინტეგრირებული კლასები გახსნა. მას შემდეგ სპეციალისტები მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.