დარჩა სამი: „ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს ასრულებს

საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის წარდგენისთვის აუცილებელი 12 რეკომენდაციიდან 9 უკვე შესრულდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„12-დან დარჩენილია 3 საკითხი, დანარჩენი პრაქტიკულად შესრულებულია“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ სამიდან ორი საკითხი ეხება ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომლებსაც მმართველი პარტია აუცილებლად შეასრულებს, ხოლო მესამე - საზოგადოების პოლარიზაცია, ოპოზიციის გარეშე ვერ შესრულდება.
„არ ვიცი, პოლარიზაციის საკითხს რა ეშველება იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, პრეზიდენტიც კი პოლარიზაციის ახალ ეტაპს იწყებს და სრულად ჯდება „ნაცმოძრაობის“ ნარატივში“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ვერ ხედავს ოპოზიციის ენთუზიაზმს რეკომენდაციების შესრულების კუთხით.
„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. ვერ ვხედავთ დიდ ენთუზიაზმს ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში. მათი მიზანია, რომ როდესაც ვერ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, ყველაფერი უნდა გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად“, - განაცხადა მდინარაძემ.
დეპოლარიზაცია 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი მთავარი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.