პაციენტები უსაფრთხო გარემოში უნდა მკურნალობდნენ - გაბუნია რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. პაციენტები უსაფრთხო გარემოში უნდა მკურნალობდნენ და მიიღონ ხარისხიანი მომსახურება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები აპროტესტებენ პროექტს კლინიკის დემონტაჟისა და იქ ახალი შენობის აშენების შესახებ. ისინი შიშობენ, რომ სამსახურს დაკარგავენ. კლინიკის თანამშრომლები მოითხოვენ საავადმყოფოს აღდგენის საწყის გეგმასთან დაბრუნებას, რათა პარალელურად არ შეწყდეს სამუშაო პროცესი.
ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა შეხვდეს მედპერსონალს და მათთან ერთად განიხილოს, თუ რა ელოდება კლინიკას, აჩვენოს მათ მოქმედების დეტალური გეგმა, რომელიც, იდეაში, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, განაცხადა გაბუნიამ.

„რესპუბლიკური საავადმყოფო არის მთავარი საავადმყოფო და ყველაზე მძლავრი რესურსი, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება. და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი როლი და მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივაც. მან სამომავლოდ უნდა აიღოს მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოს ფუნქცია როგორც თბილისისთვის, ასევე მთლიანი ქვეყნისთვის", – განაცხადა გაბუნიამ.

მაგრამ ამჟამინდელ პირობებში ტექნიკურად შეუძლებელია უპასუხო აუცილებელ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა ახალი შენობის აგება, განაცხადა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ გარდამავალმა პერიოდმა თანამშრომლობის პირობებში უნდა გაიაროს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ მოვლენებზე განცხადება ასევე გააკეთა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, შენობის ძირითადი ნაწილი მთლიანად ამორტიზებულია და, შესაბამისად, შეუძლებელია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკის მოწყობა.
პროტესტი გრძელდება: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ>>
საქართველოში აუცილებლად უნდა იყოს ერთი მრავალპროფილური და მძლავრი კლინიკა, რომელიც სულ ცოტა 400-500 პაციენტზე იქნება გათვლილი. ამჟამად კი ასეთი კლინიკა არ არსებობს არათუ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, არამედ არც კერძო სექტორში.
პრივატიზაციის შემდეგ სახელმწიფოს თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის სამედიცინო დაწესებულებები დარჩა, რაც ზღუდავს ხარისხსაც და ხელმისაწვდომობასაც მოქალაქეებისთვის, აღნიშნა ცერცვაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ორი ან ორ-ნახევარი წლის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო გადააქციოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი სამუშაოს და ხელფასს შეინარჩუნებენ. თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რომ შენობის ნაწილი დაინგრევა და ამავე ადგილზე ახალი აშენდება. ამასთან დაკავშირებით თანამშრომლების ნაწილი სხვა კლინიკებში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ვისი დასაქმებაც ვერ მოხერხდება, ხელფასს მაინც მიიღებს.
პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში: ორმა ხელმძღვანელმა პირმა თანამდებობა დატოვა>>
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ავალიანის გადადგომას, უწყვეტ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების გარანტიას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მედპერსონალის პროტესტის ფონზე კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ და ხარისხის მართვის დირექტორმა შორენა კიწმარიშვილმა დაკავებული თანამდებობები დატოვეს.
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და ახლა სავალალო მდგომარეობაშია. დემონტაჟი არ შეეხება მხოლოდ შენობის ახალ ნაწილს, რომელშიც ადმინისტრაციული პერსონალის და ზოგიერთი ექიმის კაბინეტები განთავსდება.
რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია. ჰოლდინგის მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის.
ჰოლდინგის გეგმებშია მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა.