თბილისი, 31 მარტი - Sputnik. თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - აღიძრა.
შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარი 31 მარტის საღამოს გაჩნდა - გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ოთხსართულიანი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.
ძლიერი ქარის გამო ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო მეზობელ შენობებზე, მათ შორის თბილისის ცნობილ ღირსშესანიშნაობაზე – რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრზე.
ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.