თბილისი, 30 მარტი – Sputnik. მასმედიის წარმომადგენლები თბილისის სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დღესასწაულების გასაშუქებლად მხოლოდ აკრედიტაციის არსებობის შემთხვევაში დაიშვებიან, ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
„ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. დღესასწაულებზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზია საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის გახშირებული ფაქტები.
„ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულები. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 4 აპრილი. დაინტერესების შემთხვევაში მასმედიის წარმომადგენლებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 599-987-055.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 2023 წელს ბზობის კვირა აღინიშნება 9 აპრილს, ხოლო აღდგომა – 16 აპრილს.