ექს-პრემიერი ახალ პარტიას ქმნის?

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ნიკა გილაურს თავისი ინტერესები და წონა აქვს საქართველოს ეკონომიკაში.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ნიკა გილაური მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.
ჩარკვიანი აცხადებს, რომ ახალ პარტიაში შესვლას აპირებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე, რომელმაც გასულ კვირაში დატოვა „ნაცმოძრაობა".

„ნიკა გილაური ქმნის პარტიას და იმ პარტიაში წევრიანდება ნიკანორ მელია... მხოლოდ ნიკა მელია არა, ხატია დეკანოიძეც ძალიან ჩართულია ამ ამბავში. მგონი, მისი თანხმობა უკვე არის", – განაცხადა ჩარკვიანმა ოპოზიციური ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში.

ნიკა მელიასაც და ხატია დეკანოიძესაც ჩარკვიანის სიტყვებზე მწვავე რეაქცია ჰქონდათ.
„კაგებეს" მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ", – დაწერა სოციალურ ქსელში ნიკა მელიამ.
„ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე", – დაწერა, თავის მხრივ, სოციალურ ქსელში დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მდივანი, პარლამენტის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ უახლოეს დროში გაირკვევა, მართალს ამბობს თუ არა ჩარკვიანი.
„პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება, ვნახავთ. ნიკა მელია დატოვებს თუ არა პარტიას, ასეთი ვარაუდის საფუძველს ვერ ვხედავ. ხატია დეკანოიძის შემთხვევაშიც პარტიის დატოვება კონკრეტულად რამ განაპირობა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა", – განუცხადა ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს.
ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს - დეპუტატმა მთავარი მიზეზი დაასახელა>>
რაც შეეხება გილაურს, ბეჟაშვილის თქმით, მის სახელს მნიშვნელოვანი წარმატებები უკავშირდება, გილაურს თავისი ფინანსური ინტერესები და წონა აქვს საქართველოს ეკონომიკაში.
გილაური საქართველოს მთავრობას 2009 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივნისამდე ხელმძღვანელობდა.
„რა გადაწყვეტილებას მიიღებს – პოლიტიკურ პარტიას შექმნის თუ არა, მისი საქმეა", – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ამასთან, მან დაამატა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" რიგებში არანაირი დაპირისპირება არ არის.
„პარტიის განვითარებაზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დაპირისპირებას არ ნიშნავს", – აღნიშნა ბეჟაშვილმა.
მმართველ პარტიაში უკვე დიდი ხანია „ნაცმოძრაობის" დაშლა დააანონსეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შიდაპარტიული არჩევნების შედეგად პარტიას ლევან ხაბეიშვილი ჩაუდგა სათავეში. მან ნიკა მელია შეცვალა.
იაგო ხვიჩია: სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა „ნაცმოძრაობის“ დაშლაა>>
არჩევნები „ნაცმოძრაობაში" მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. ხაბეიშვილს მხარს უჭერენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, „ნაცმოძრაობა" პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ბოლო დროს „ნაცმოძრაობის" რეიტინგი 5%-მდე შემცირდა. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.