მიხეილ სარჯველაძე: სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის სარჩელი მარცხისთვისაა განწირული

2021 წელს სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად გადაწყვეტილების მიღება მისი ვადამდელი გათავისუფლების შესახებ და შიმშილობის შეწყვეტა ურჩია.
Sputnik
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აჭიანურებენ სარჩელის შეტანას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით, რადგან წინასწარ იციან, რომ წააგებენ საქმეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
მას შემდეგ, რაც 2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა, ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდნენ, მაგრამ სარჩელი ერთი თვის შემდეგაც ჯერ არ შეუტანიათ.

„ის, რაც საკმარისია პიარისთვის, რომ ვინმე დააჯერონ, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეიძლება უფლებების დარღვევას ჰქონდეს ადგილი, სტრასბურგის სასამართლოსთვის მტკიცებულებები არცერთ შემთხვევაში საკმარისი არ იქნება. ამიტომაც ითრევენ ფეხს სარჩელის წარდგენისგან, რადგან იციან, რომ ასეთი სარჩელი მარცხისთვის იქნება განწირული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

2021 წელს სააკაშვილის მიერ მისი უფლებების დარღვევის შესახებ პირველი სარჩელის განხილვის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად გადაწყვეტილების მიღება მისი ვადამდელი გათავისუფლების შესახებ და შიმშილობის შეწყვეტა ურჩია.

ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ

2022 წლის მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მათი თქმით, „ვივამედში“ მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობაც არასწორად უტარდება.
„ვივამედის“ დირექტორი: სააკაშვილმა წონაში მოიმატა >>
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
ორი თვის შემდეგ, 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა >>
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი გათავისუფლების მისაღწევად თვითდაზიანებით არის დაკავებული, მიირთმევს დაბალკალორიულ საკვებს და რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე. მისი მდგომარეობის გაუარესება სწორედ ამით არის გამოწვეული, აღნიშნა ბრეგაძემ. ხელისუფლების წარმომადგენლები ადანაშაულებენ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას იმაში, რომ ისინი უბიძგებენ მას ასეთი საქციელისკენ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.