თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ამჟამად იმის საშიშროება, რომ პურის ფასმა შეიძლება მოიმატოს, არ არსებობს, განაცხადა საქართველოს პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ პრესკონფერენციაზე.
ყველაზე მაღალი მოთხოვნა სოციალურ პურზეა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას საშუალოდ 1,2 ლარი უჯდება. რაც შეეხება პურის საცალო ფასებს, ექსპერტის თქმით, მაღაზიები 0,3-0,4 ლარს ამატებენ, ზოგიერთი საცალო ობიექტი კი 0,5 ლარსაც.
„მარაგები ამჟამად არის. გარდა ამისა, შემოდის ფქვილი დიდი რაოდენობით. ფქვილის შემოსვლამ გარკვეულად იმოქმედა ჩვენი წისქვილების მუშაობაზე და მინდა გითხრათ, რომ დღეს ერთი ტომარა ფქვილის ღირებულებას თუ შევადარებთ შარშანდელს, დაახლოებით 10-15 ლარია სხვაობა... არავითარი პირობა არ არსებობს იმისა, რომ პურის ფასი წავიდეს ზემოთ. პირიქით არის, და ამაზე მუშაობენ, რომ შესაძლებელია ცოტა დაბლა წამოვიდეს", – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, საქართველოს წელიწადში 800 ტონა ფქვილი სჭირდება და ეს იმ დროს, როდესაც საქართველო არაა ხორბლის მწარმოებელი ქვეყანა, მხოლოდ მომხმარებელია.
დოლიძე გამოსავალს საკუთარი წარმოების განვითარებასა და გაზრდაში ხედავს.
„შარშან პირველად ფასების გაზრდის გამო საქართველოში ადამიანებმა ხორბლის წარმოება დაიწყეს და 150 ათასი ტონა მოიყვანეს. ტენდენცია ასე უნდა გაგრძელდეს", – განაცხადა დოლიძემ.
მან მოუწოდა გლეხებს, არ დაელოდონ ფქვილზე ფასის ზრდას, არამედ დაცვის მექანიზმებზე იზრუნონ.
„რაც შეეხება ქართველი მეწარმეების ზარალს, გლეხი ყველაზე კარგი ეკონომისტია. მაშინ, როდესაც ხორბალი 1 ლარი და 10 თეთრი ღირდა, მათ არ ჩააბარეს პროდუქტი და გაძვირებას დაელოდნენ. ამასობაში ფასი კლებისკენ წავიდა. რა თქმა უნდა, ის, ვინც შრომობს, არ უნდა დაზარალდეს, მაგრამ თავდაცვის მექანიზმებიც არსებობს, მაგალითად, როგორიც არის დაზღვევა", – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ფქვილზე ფასის შემცირების ფონზე პური უნდა გაიაფდეს.
საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის.
ხორბალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოჰყავთ, მაგრამ ყველაზე მეტი – კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში, ცოტა საგარეჯოშიც. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, აქედან 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.
ხორბლის ყანები არის ასევე ქვემო ქართლში – ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ იქ მთიანი ადგილებია და მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მომცრო მინდვრებია შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორისა და ქარელის რაიონებში.