თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ და ხარისხის მართვის დირექტორმა შორენა კიწმარიშვილმა მედპერსონალის პროტესტის ფონზე დაკავებული თანამდებობები დატოვეს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელობის შეცვლისა და სამუშაო პროცესის შეჩერების გარეშე საავადმყოფოს გარდაქმნის მოთხოვნით მეორე დღეა აქციებს მართავს.
მომიტინგე მედპერსონალმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ავალიანმა, განსხვავებით პაპავასა და კიწმარიშვილისგან, თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტა.
ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ორი ან ორ-ნახევარი წლის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო გადააქციოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი სამუშაოს და ხელფასს შეინარჩუნებენ. თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რომ შენობის ნაწილი დაინგრევა და ამავე ადგილზე ახალი აშენდება. ამასთან დაკავშირებით თანამშრომლების ნაწილი სხვა კლინიკებში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ვისი დასაქმებაც ვერ მოხერხდება, ხელფასს მაინც მიიღებს.
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და ახლა სავალალო მდგომარეობაშია. დემონტაჟი არ შეეხება მხოლოდ შენობის ახალ ნაწილს, რომელშიც ადმინისტრაციული პერსონალის და ზოგიერთი ექიმის კაბინეტები განთავსდება.
რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია. ჰოლდინგის მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის.
ჰოლდინგის გეგმებშია მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა.