თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება ფარისევლურია, მან უკვე დიდი ხანია ობიექტური პოზიცია დაკარგა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ირაკლი ქადაგიშვილმა.
ზურაბიშვილმა გუშინ მხარი დაუჭირა ყოფილ ჟურნალისტ თათია სამხარაძეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ სექსუალური შევიწროების მსხვერპლად აღიარეს, და საქართველოს ხელისუფლება ქალებზე ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა. სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც სამხარაძემ კვლავ წამოწია სექსუალური შევიწროების თემა ცნობილი ტელეწამყვანისა და POSTV-ს ხელმძღვანელის შალვა რამიშვილის მხრიდან, რომელიც სასამართლომ 2018 წელს დამნაშავედ აღიარა.
სამხარაძის კვალდაკვალ ანალოგიური ბრალდება კიდევ ოთხმა ქალმა წამოაყენა. მათი გულწრფელობის ყველამ არ დაიჯერა, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა. მათ დაგმეს ძალადობა და ქალთა შევიწროება ზოგადად, მაგრამ ამავე დროს აღნიშნეს, რომ ამჟამად მიმდინარე მოვლენები რამიშვილისთვის სახელის გატეხვის კამპანიას ჰგავს.
„როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის განცხადება არის ფარისევლური, რადგან ის ამ პოლიტიკაში ადამიანის უფლებების ასე მახინჯად გამოყენების პროცესის მხარეს დადგა. სამწუხარო არის, მაგრამ რა ვქნათ, დიდი ხანია უკვე პრეზიდენტს დაკარგული აქვს ობიექტური პოზიციები", – განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ძალადობა, მით უმეტეს, ქალების მიმართ დაუშვებელია, და ამიტომ ხელისუფლებამ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა მიიღო. საქართველოში ნათლად ჩანს პროგრესი ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, აღნიშნა მან.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხდება ხოლმე პოლიტიკური მიზნებისთვის ქალბატონებზე ძალადობის ფაქტებით მანიპულირება და გამოყენება, მე ახლა ამ შემთხვევის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვხედავ, რომ ადამიანთან, ამ შემთხვევაში ქალბატონთან დაკავშირებული საკითხის ჩვეულებრივად პოლიტიკური გამოყენება ხდება", – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი ძალა, ერთი მხრივ, თავს იწონებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, მეორე მხრივ კი დამნაშავეს ახალისებს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი, მათ შორის ქალებიც, რომლებსაც „საზოგადოების სახის პრეტენზია" გააჩნიათ, სამარცხვინოდ ქილიკობენ სავარაუდო მსხვერპლზე და „გაუმართლებელს ამართლებენ".
პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მას დახმარებისთვის თავად ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ მიმართა.
„ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" – დაწერა სამხარაძემ ორშაბათს სოციალურ ქსელში.
სამხარაძის თქმით, ტელეკომპანია POSTV-ს გადამღები ჯგუფი მის სახლთან მორიგეობს და მოსვენებას არ აძლევს. ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ, რომელიც ამტკიცებს, რომ სამხარაძე მატყუარაა, განაცხადა, რომ სამხარაძის სახლთან არანაირი გადამღები ჯგუფი არ იმყოფება, მხოლოდ ერთი ჟურნალისტი მივიდა კითხვის დასასმელად და მალევე წავიდა.
სამხარაძემ ყურადღება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიიპყრო, სადაც POSTV-ში მუშაობის საფრთხეებზე წერდა. სამხარაძემ დაწერა, რომ ტელეკომპანიის დირექტორი შალვა რამიშვილი სამუშაოს ახალგაზრდა ქალ მაძიებლებს იტყუებდა, შემდეგ კი სექსუალურად ავიწროვებდა მათ.
მალე ტელევიზიის დირექტორს POSTV-ს ჟურნალისტი ნათია ბერიძე გამოესარჩლა. მან სამხარაძე ტყუილში დაადანაშაულა და სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თათია სამხარაძე რამიშვილთან ერთად ცეკვავს.
მეტიც, ბერიძემ განაცხადა, რომ რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას, რომელიც ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულის" დამფუძნებელია. ბერიძე ამტკიცებს, რომ კეზერაშვილის ცოლისძმა ირაკლი ჩიქოვანი სამხარაძეს შეჰპირდა თანხას რამიშვილის წინააღმდეგ კამპანიის აგორებისთვის.
კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის მითვისებისთვის. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრები ამტკიცებენ, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" კულისებიდან მართავს.