საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლება ქალების მიმართ ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა

სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ყოფილმა ჟურნალისტმა კვლავ წამოჭრა სექსუალური შევიწროების თემა Post TV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან
Sputnik
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა ყოფილ ჟურნალისტ თათია სამხარაძეს, რომელიც წარსულში სექსუალური შევიწროების მსხვერპლად ცნეს, და ხელისუფლება ქალებზე ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.
სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სამხარაძემ კვლავ წამოჭრა სექსუალური შევიწროების თემა ცნობილი ტელეწამყვანისა და Post TV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან, რომელიც სასამართლომ 2018 წელს დამნაშავედ ცნო.
სამხარაძის შემდეგ მსგავსი ბრალდებები კიდევ ოთხმა ქალმა გააჟღერა. ყველამ არ დაიჯერა მათი გულწრფელობის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც. მათ ზოგადად დაგმეს ქალების ძალადობა და ჩაგვრა, თუმცა აღნიშნეს, რომ ის, რაც ახლა ხდება, რამიშვილის გაშავების კამპანიას ჰგავს.
„ყოველივე შევიწროვებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რამაც შეიძლება, მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველო ძველი დროიდან ცნობილია როგორც ძლიერი ქალების ქვეყანა, რომლებსაც ყველა პატივს სცემს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქალებიც, რომლებსაც „საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია“ გააჩნიათ, სამარცხვინოდ ქილიკობენ სავარაუდო მსხვერპლზე და „გაუმართლებელს ამართლებენ“.
„ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდური მიდგომა ჩემთვის გაუგებარია... მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და, რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ერთის მხრივ თავს იწონებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, მეორის მხრივ კი დამნაშავეს ახალისებს.
„ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მას დახმარებისთვის თავად ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ მიმართა.
„ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!“, - დაწერა სამხარაძემ ორშაბათს სოციალურ ქსელში.
სამხარაძის თქმით, ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის გადამღები ჯგუფი მის სახლთან მორიგეობს და მოსვენებას არ აძლევს. ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ, რომელიც ამტკიცებს, რომ სამხარაძე მატყუარაა, განაცხადა, რომ სამხარაძის სახლთან არანაირი გადამღები ჯგუფი არ იმყოფება, მხოლოდ ერთი ჟურნალისტი მივიდა კითხვის დასასმელად და მალევე წავიდა.
სამხარაძემ ყურადღება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიიპყრო, სადაც „პოსტ ტვ“-ში მუშაობის საფრთხეებზე წერდა. სამხარაძემ დაწერა, რომ ტელეკომპანიის დირექტორი შალვა რამიშვილი სამუშაოს ახალგაზრდა ქალ მაძიებლებს იტყუებდა, შემდეგ კი სექსუალურ შევიწროებას მიმართავდა.
მალე ტელევიზიის დირექტორს პოსტ TV-ს ჟურნალისტი ნათია ბერიძე გამოესარჩლა. მან სამხარაძე ტყუილში დაადანაშაულა და სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თათია სამხარაძე რამიშვილთან ერთად ცეკვავს.
POSTV–ს ჟურნალისტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს >>
მეტიც, ბერიძემ განაცხადა, რომ რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კომპანიის უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას, რომელიც ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ დამფუძნებელია. ბერიძე ამტკიცებს, რომ კეზერაშვილის ცოლისძმა ირაკლი ჩიქოვანი სამხარაძეს შეპირდა თანხას რამიშვილის წინააღმდეგ კამპანიის აგორებისთის.
კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის მითვისებისთვის. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ კულისებიდან მართავს.