თბილისი, 27 მარტი – Sputnik. გერმანიის დიდი ქალაქების აეროპორტებში გაფიცვამ ავიაკომპანია Lufthansa-ს რეისის თბილისი–მიუნხენის გადადება გამოიწვია, განაცხადეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
გერმანიაში ორშბათს, 27 მარტს ტრანსპორტის მუშაკთა დიდი გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო. გაუქმდა პრაქტიკულად ყველა რეისი ჰამბურგის, ჰანოვერის, დორტმუნდის, დრეზდენის, დიუსელდორფის, ლაიფციგის, მიუნხენის, ნიურნბერგის და სხვა ქალაქების აეროპორტებში.
დღევანდელი რეისის გადადება და სხვა დროის დანიშვნა მოგვიწია. ის გამთენიისას განხორციელდება. გაფრენა 05:10 საათზეა, აღნიშნეს აეროპორტში.
თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტების ინფორმაციით, რეისების განრიგში სხვა ცვლილებები ჯერჯერობით არ არის.
რაც შეეხება რეისებს ისრაელის მიმართულებით, სადაც მასობრივი პროტესტის გამო „ბენ-გურიონის“ აეროპორტიდან ფრენები შეჩერებულია, აქ განრიგში ცვლილებები არ არის.
როგორც თბილისის აეროპორტში განაცხადეს, დღეს დაგეგმილია რეისი თელ-ავივში და ფრენის გადადების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.
ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ. ამან ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან „ბენ-გურიონიდან“ ყველა რეისის შეჩერება გამოიწვია.