რას ვჭამთ? ყველის ლაბორატორიულმა კვლევამ შემაშფოთებელი შედეგები აჩვენა

იქიდან გამომდინარე, რომ ყველი მაღალი რისკის შემცველი პროდუქტია, სახელმწიფო შემოწმება წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.
Sputnik
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს მაღაზიებსა და ბაზრებში გასაყიდად გამოტანილი ყველის ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლენილია ნაწლავის ჩხირები, სხვადასხვა ბაქტერიები, ტრანსცხიმები, ანტიბიოტიკები და სხვა კომპონენტები, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
კვლევა ჩაუტარდა იმერული ყველის ნიმუშებს. ყველა ნიმუშში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები ჰიგიენის სტანდარტებთან. მიკრობიოლოგიურმა კვლევამ მრავალი დარღვევა გამოავლინა.
საქართველოს ყველის ასოციაციის თავმჯდომარის ანა მიქაძის თქმით, მწარმოებლების მხრიდან დანაშაულია მომხმარებლების მოტყუება – პროდუქტებში ტრანსცხიმების გამოყენება და ჰიგიენური ნორმების შეუსრულებლობა.
პროდუქტის დაბინძურება ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის ჭუჭყიანი ხელები, მტვერი, დაბინძურებული გარემო, ინფრასტრუქტურა და ა.შ. დარღვევით დამზადებულ რძის ნაწარმში ხშირად პალმის ცხიმი გამოიყენება.
მიქაძის თქმით, ადამიანი ჩვილობიდან სიბერემდე იღებს რძის პროდუქტებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო არასწორად და არაკეთილსინდისიერად წარმოებულმა რძის ნაწარმმა შეიძლება მრავალი სერიოზული დაავადება გამოიწვიოს.
მწარმოებლები სასურველი კონსისტენციის მისაღებად და მავნე ბაქტერიების გასანეიტრალებლად ყველში ანტიბიოტიკებს ამატებენ. თუ ადამიანი ასეთ ყველს იღებს, მას შეიძლება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობა განუვითარდეს.
თბილისში ერთ ტონაზე მეტი საკვებად უვარგისი თევზი დალუქეს >>
მედიკოსები და ნუტრიციოლოგები მომხმარებლებს არ ურჩევენ საეჭვო წარმოშობის ყველის შეძენას.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველი მაღალი რისკის შემცველი პროდუქტია, სახელმწიფო შემოწმება წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.

„მიზანი არის არა დასჯა, არამედ ავუმაღლოთ შეგნება ჩვენს მეწარმეებს, რომ იცოდნენ, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აწარმოონ უვნებელი სურსათი“, – განაცხადა ანა გემაზაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

რას ვჭამთ? თბილისის ერთ-ერთ საცხობში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს >>
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ლაბორატორიული კვლევის შედეგები სურსათის სააგენტოს გადასცა, რომელიც უახლოეს დღეებში მონიტორინგს განახორციელებს, გაანადგურებს მავნე პროდუქტებს და დააჯარიმებს არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს.