თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამოცხადების შემდეგ საქართველოში საელჩომ საკონსულო მომსახურება შეაჩერა, ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ განხორციელებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები როგორც ისრაელში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე მე-12 კვირაა იმართება. კერძოდ, გუშინ ქუჩებში 600 ათასზე მეტი დემონსტრანტი გავიდა.
„ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ისრაელის საელჩო საქართველოში დაიკეტა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. გაფიცვის დროს საკონსულო მომსახურება შეჩერებულია... შემდგომი განცხადება განთავსდება ჩვენს სოციალურ ქსელში", – ნათქვამია ინფორმაციაში.
საელჩო აღნიშნავს, რომ გადაუდებელი შემთხვევებისთვის მუშაობას განაგრძობს „ცხელი ხაზი“ (+995 32 2556500).
ისრაელის იუსტიციის მინისტრმა იარივ ლევინმა ადრე განაცხადა სასამართლო რეფორმის რეორგანიზაციის გეგმების შესახებ. ცვლილებების შედეგად შეიზღუდება უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება – დაბლოკოს კანონები და მთავრობის გადაწყვეტილებები. რეფორმა ასევე საშუალებას მისცემს მთავრობას, მოსამართლეთა შერჩევაზე კონტროლი დააწესოს.
ოპოზიციის თქმით, ეს რეფორმა ძირს უთხრის სახელმწიფოს დემოკრატიულ საფუძვლებს.