აქცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში - მომიტინგეები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ გადაქცევას აპირებს.
Sputnik
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლების ნაწილი სამედიცინო დაწესებულების შენობის ნაწილის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან შიშობს, რომ სამუშაოს დაკარგავს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია სამედიცინო დაწესებულებაში მოაწყვეს და სამი მოთხოვნა წამოაყენეს.

კლინიკის ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი დუნდუამ განაცხადა, რომ მათ აქვთ სამი მოთხოვნა – კლინიკაში უწყვეტი სამკურნალო პროცესის შენარჩუნება, ადმინისტრაციის შეცვლა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რათა ირაკლი ღარიბაშვილამდე თავიანთი განცდები მიიტანონ.

ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ორი ან ორ-ნახევარი წლის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო გადააქციოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შენობის ნაწილი დაინგრევა და ამავე ადგილზე ახალი აშენდება. ამასთან დაკავშირებით თანამშრომლების ნაწილი სხვა კლინიკებში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ვისი დასაქმებაც ვერ მოხერხდება, ხელფასს მაინც მიიღებს.
ახალი შენობის გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარდება კონკურსი მედპერსონალის შესარჩევად.
რა ელოდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს - მინისტრის მოადგილის პასუხი>>
რესპუბლიკური საავადმყოფო 1973 წლიდან ფუნქციონირებს.
რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, სადაც მის გარდა ასევე შედიან: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო", „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი" (ონკოლოგიური საავადმყოფო), „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი", „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი", „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი", „ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო".
ჰოლდინგის მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის.
ჰოლდინგის გეგმებშია მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა.