თბილისი, 24 მარტი – Sputnik. 2022 წელს საქართველოს 37,5 ათასამდე მოქალაქე ტუბერკულოზისგან უსასყიდლოდ განიკურნა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოში „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“ მოქმედებს. მისი ძირითადი მიზნებია ტუბერკულოზის ეფექტური და ხარისხიანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ასევე ავადობის, სიკვდილიანობის და ინფექციის გავრცელების შემცირება.
2022 წელს ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურება 36,2 ათასზე მეტ ადამიანს გაეწია, ხოლო სტაციონარული მომსახურება დაახლოებით 1,3 ათასმა პაციენტმა მიიღო, საიდანაც 97 შემთხვევაში საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.
სახელმწიფო პროგრამის შედეგად საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში ფიქსირდება ტუბერკულოზის ყველა ფორმით ავადობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება – წელიწადში საშუალოდ 6,6%-ით.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სენსიტიური ტუბერკულოზით დაავადებულთა წარმატებულმა მკურნალობამ 85%-ს მიაღწია, ხოლო მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევაში – 75%-ს.
ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 65%-ით შემცირდა – 112-დან 40-მდე 100.000 მოსახლეზე. 2021 წელს ტუბერკულოზი 1.646 ადამიანს დაუდგინდა, რაც 10%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2020-2021 წლებში ექსპერტები ტუბერკულოზის შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებას კორონავირუსის პანდემიას და კოვიდ-შეზღუდვის გამო ადამიანებს შორის კონტაქტების რაოდენობის შემცირებას უკავშირებენ.
ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა
2016 წლიდან საქართველო აღარ შედის MDR-TB მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის. თუმცა, წამლისადმი რეზისტენტობის ტვირთი ჯერ კიდევ მაღალია, რაც წარმოადგენს ქვეყანაში ტუბერკულოზის ეფექტური ელიმინაციის მთავარ გამოწვევას. ქვეყანა ამ დაავადებასთან ბრძოლას აგრძელებს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოში ხელმისაწვდომია დაავადების სწრაფი და ეფექტიანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, უახლესი თაობის შესაბამისი მედიკამენტები.
მკურნალობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, პაციენტებს ზედმეტად არაფრის გადახდა არ უწევთ. პროგრამის ბიუჯეტი წელს 17,2 მლნ ლარია.
სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ, მაგრამ მოქალაქეობის არმქონე პირებს. მედიკამენტების უფასოდ მიღება შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებსაც აქვთ დროებითი ბინადრობის ნებართვა, მათ შორის სტუდენტებს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირებსაც.
რა არის ტუბერკულოზი
ტუბერკულოზი — ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები საშიში ინფექციური დაავადებაა. ტუბერკულოზის აქტიური ფორმით დაავადებულ ადამიანს შესაბამისი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ყოველწლიურად საშუალოდ 10-15 ადამიანის ინფიცირება შეუძლია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ წელს ტუბერკულოზით 9 მილიონი ადამიანი ავადდება და ამ დაავადებით 1,9 მილიონი ადამიანი იღუპება. ტუბერკულოზთან დაკავშირებით გაეროს მიზანია ეპიდემიის 2030 წლისთვის დასრულება.
24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. გერმანელმა მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა 1882 წელს ტუბერკულოზის გამომწვევის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. 1905 წელს მეცნიერმა მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ეს დღე 1982 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტუბერკულოზთან და ფილტვების დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირის გადაწყვეტილებით დაარსდა და ტუბერკულოზის გამომწვევის — კოხის ჩხირის აღმოჩენის 100 წლისთავს დაუკავშირდა.