დარჩიაშვილი: პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი მიზანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია

2023 წლის შემოდგომაზე ევროკომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
Sputnik
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ქვეყნის პარტნიორებთან, მიუხედავად კრიტიკული ხედვებისა და დამოკიდებულებისა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოში ვიზიტის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ხედავს ქვეყნის იმ პროევროპული კურსის შეცვლის მცდელობას, რომელსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა. მისი თქმით, ისინი ხედავენ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა შიგნიდან და გარედან აწყდება.

„გვგონია, რომ მიუხედავად იმისა, მეგობრებს შეიძლება ჰქონდეთ კრიტიკული ხედვა, კრიტიკული დამოკიდებულება, ჩვენი მოვალეობაა მათთან ვიმუშაოთ, ჩვენი მოვალეობაა მათ მუდმივად ვუთხრათ, რომ საქართველო მოწოდებულია იმ საერთო მიზნისკენ სვლისთვის, რომელიც მათი ინტერესიც არის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

არის მომენტები, როდესაც ყველა იმ პარტნიორსა და მეგობარს, ვინც გულწრფელად გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას, აქვთ კითხვები, რომელზე პასუხებსაც ვერ იღებენ, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ, რომ მათთან ვიმუშაოთ, გავუზიაროთ ჩვენი ხედვები და მაქსიმალურად დავაახლოვოთ, რათა ყველამ ერთად შევძლოთ იმ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
„რეალობას აცდენილია" - კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე >>
მანამდე ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის გეგმავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები იდგმება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ასევე საქართველოში ვიზიტისას სურს მკაფიოდ განაცხადოს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 23-24 მარტს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება, რომელიც საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.