თბილისი, 23 მარტი — Sputnik. პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა BILD-მა საქართველო 2023 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ხუთეულში შეიყვანა და თავის მკითხველს ამ ქვეყანაში სტუმრობა ურჩია. ამის შესახებ საუბარია გამოცემის ვებ-გვერდზე.
გამოცემამ გამოაქვეყნა მიმდინარე წლის გაზაფხულისა და ზაფხულის საინტერესო მიმართულებები. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გერმანელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს ესპანეთის, კაბო-ვერდეს, ხორვატიის, ალბანეთისა და საქართველოს კურორტები.
„საქართველოს ტერიტორია ბავარიის ზომისაა, მოსახლეობა იმდენია, რაც ბერლინში. უნდა ეწვიოთ საქართველოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის წელს ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იყო. მიუნხენიდან და დიუსელდორფიდან თბილისამდე ფრენის დრო 4 საათია, პირდაპირი ავიარეისები სრულდება ბერლინიდან, მემინგენიდან და დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით", – აღნიშნულია სტატიაში.
საქართველოს 2022 წელს გერმანიიდან 48,5 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
მარტის დასაწყისში საქართველო უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2023-ში მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. ღონისძიება გრანდიოზული ქართული კონცერტით დაიწყო, რომლის პროგრამა მრავალფეროვანი იყო. საქართველოს ლოზუნგი ITB Berlin 2023-ზე იყო „უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა".
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.