თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ტაქსის A კატეგორიის ახალი ნებართვების გააქტიურების ვადა მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 1 აპრილამდეა განსაზღვრული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
1 აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდება. კერძოდ, ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს. დასაშვები იქნება ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
კალაძის განცხადებით, 1 აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებ-გვერდიც, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა იქნება შესაძლებელი.
„ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ითვალისწინებს ნებართვების უვადოდ საკუთრებაში გადაცემას. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 1 აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას“, – განაცხადა მერმა.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, თუ პირი ნებართვის შენახვას გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ საურავი დაეკისრება – დღეში სამი ლარი.
ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში 1 აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანას და ჩამოსმას შეძლებენ.
„ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის, და არა მოძრაობისთვის, არ დაჯარიმდებიან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მერიის ინფორმაციით, იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც 1 აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, 35 ათასს აღემატება.
თბილისის მერიამ მიმდინარე წლის 20 მარტიდან ძველი სისტემით ტაქსის А კატეგორიის ლიცენზიის გაცემა შეწყვიტა. მანამდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია დაჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი). თუ ნებართვა არ იქნება მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარი იქნება.
უფრო ადრე კალაძემ ტაქსის მძღოლებს მოუწოდა, 20 მარტამდე აეღოთ ტაქსის А კატეგორიის ლიცენზია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 1 აპრილიდან ვეღარ შეძლებდნენ უვადო ნებართვის მიღებას.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
თავდაპირველად რეფორმით ბევრი ტაქსის მძღოლი დარჩა უკმაყოფილო. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისა და ქალაქის მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების შემდეგ კონსენსუსს მიაღწიეს.