თბილისი, 22 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის 14-16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმყოფებოდნენ და გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში შემოწმება სრულიად სხვაგვარი ხასიათის იყო და სტუდენტების დაშინებისკენ იყო მიმართული.
შსს-ს ცნობით, მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავებაც შედის და სწორედ აღნიშნული უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით განხორციელდა სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში გეგმური საქმიანობა.
შსს-ს მონაცემებით, სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და რეგიონის წარმომადგენლები ცხოვრობენ. საერთო ჯამში ტერიტორიაზე დაახლოებით 1,5 ათასი ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20%-ია სტუდენტი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის განხორციელებისას მართლწესრიგის ოფიცრებთან კომუნიკაციის დროს ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სტუდენტური ქალაქის საერთო საცხოვრებელში გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული მოქმედება იყო და ახალგაზრდების დაშინებას ისახავდა მიზნად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც უარყვეს.
თსუ-ს ამჟამად ორი საერთო საცხოვრებელი აქვს – ლისის ტბასთან და ბაგებში.
სტუდენტური ქალაქი ლისის ტბასთან 320 ადგილზეა გათვლილი. მან პირველი სტუდენტები 2017 წელს მიიღო. საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. ის ადმინისტრაციული შენობისა და სამი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება.
ბაგების კამპუსი 3 ათას სტუდენტზეა გათვლილი. ის 2018 წელს გაიხსნა. საერთო საცხოვრებელი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება – იქ არის საერთო და ინდივიდუალური ოთახები, სამზარეულოები, დასასვენებელი ზონები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და სხვ.