თბილისი, 21 მარტი — Sputnik. აჭარის განათლების სამინისტროს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის წყალობით 2023 წელს საზღვარგარეთ 400 სტუდენტის სწავლა დაფინანსდება, ბიუჯეტი თანდათანობით გაორმაგდება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
აჭარის მთავრობა განაგრძობს განათლების ხელშეწყობას და მთლიანობაში მხარს უჭერს ახალგაზრდულ პოლიტიკას, აღნიშნა რიჟვაძემ.
„სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა კურსის სტუდენტებთან. მათგან წამოვიდა თხოვნა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების კუთხით", – განაცხადა რიჟვაძემ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე.
მისი ინფორმაციით, დაფინანსება ორჯერ გაიზრდება.
„მინდა ვთხოვო განათლების და ფინანსთა მინისტრებს, რომ გავითვალისწინოთ ახალგაზრდების მისწრაფება, სურვილი და გავაორმაგოთ უცხოეთში, ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდების განათლების დაფინანსება და მათი ხელშეწყობა", – განაცხადა რიჟვაძემ, რომელმაც დაამატა, რომ წელს დაახლოებით 400 სტუდენტის დაფინანსება იგეგმებოდა, და ეს რაოდენობა თანდათანობით უნდა გაორმაგდეს.
მისი თქმით, განათლების სფეროს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და ეს აისახება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, ისე სწავლის დაფინანსებაზე.