თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან", საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ დეპუტატის მანდატის დატოვება გადაწყვიტა.
როგორც „პირველი არხი" იუწყება, კოვზანაძემ ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. ინფორმაცია ტელეარხს კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა დაუდასტურა.
დეპუტატის მანდატის დატოვების სურვილი გუშინ „ოცნების" კიდევ ერთმა წევრმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გამოთქვა.
„ჩემი პირადი სურვილია გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგულ წევრად", – განაცხადა ჩაჩიბაიამ ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში.
ჩაჩიბაიას თქმით, მან ამის თაობაზე პარტიის წევრებს მიმართა, თუმცა საკითხი განხილვას საჭიროებს.
„მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ. მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს", – აღნიშნა ჩაჩიბაიამ.
ამავე დროს დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს.
„საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ სიის შემდგომი წევრი შემოდის. როგორც მახსოვს, სერგეენკოს გარდა, სხვა ყველა სიით არის შემოსული. თუ სერგეენკოც გავა, საბურთალოზე არჩევნების ჩატარება მოგვიწევს", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დეპუტატი „ქართული ოცნებიდან" მმართველი გუნდის დატოვებას აპირებს. კოვზანაძისა და ჩაჩიბაიას გარდა დასახელდნენ დეპუტატები უმრავლესობიდან – გიორგი ხელაშვილი და დავით სერგეენკო.
მაშინ მმართველ პარტიაში უარყვეს ეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ ოპოზიციურ მასმედიაში ცდილობენ შექმნან ილუზია, თითქოს „ქართული ოცნება" დაშლის ზღვარზეა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, უმრავლესობა დაშლილად მიიჩნევა, თუ საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რაოდენობა საპარლამენტო ორგანოში 76 დეპუტატზე ნაკლებია.
ბოლოს უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე 2022 წლის ოქტომბერში აღმოჩნდა, როდესაც „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ჩამოაყალიბა. შედეგად ფრაქცია „ქართულ ოცნებას" 150-ადგილიან პარლამენტში 74 დეპუტატი დარჩა.
მიუხედავად პარტიიდან და ფრაქციიდან გასვლისა, „ხალხის ძალის" წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
სწორედ „ხალხის ძალის" დეპუტატები იყვნენ უცხოური აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტების ავტორები, რომლებმაც საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.
საპროტესტო აქციების შედეგად კანონპროექტები გაიწვიეს.