თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები მალე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას დაიწყებენ, რომლებიც ავტომობილების კოლექციონერებისთვის შეღავათების შემოღებას ითვალისწინებს.
„საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, კანონმდებლობაში „კლასიკური ავტომობილის“ ცნება გაჩნდება. 40 წელზე მეტი ასაკის ავტომობილი კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება.
კლასიკური ავტომობილის მახასიათებლებსა და ექსპლუატაციის საკითხებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.
გარდა ამისა, ავტორების, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების ინიციატივით, ასეთი მანქანების საქართველოში იმპორტისთვის სპეციალური შეღავათების დაწესება იგეგმება.
კერძოდ, მათი ინიციატივით, კლასიკური ავტომობილების იმპორტზე გადასახადი ძრავის ერთ კუბურ სანტიმეტრზე 1,5 ლარი იქნება, 14 წელზე მეტი ასაკის ყველა ავტომობილზე არსებული გადასახადის ნაცვლად – ძრავის ერთ კუბურ სანტიმეტრზე 2,4 ლარი.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებები აუცილებელია საავტომობილო კულტურის, ავტომობილების მუზეუმებისა და ავტომობილების კოლექციების განვითარებისთვის.