თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოში 800 დასახელების მედიკამენტზე რეფერენტული ფასების დარღვევისთვის ჯარიმები ამოქმედდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.
2023 წლიდან სახელმწიფომ დააწესა ფასის ზღვარი, რომლის ზემოთაც მედიკამენტების რეალიზაცია აიკრძალა. მთლიანობაში ზღვრული ფასი უკვე 1,1 ათასზე მეტ მედიკამენტზე (რომლებიც ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება) ვრცელდება. უახლოეს მომავალში ეს სია კიდევ უფრო გაიზრდება.
„იმ მედიკამენტებზე, რომელზეც 15 თებერვლიდან შევიდა ძალაში, მოქმედებდა საშეღავათო ერთთვიანი პერიოდი და უკვე რეგულირების სააგენტოს შეუძლია დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილება და საჯარიმო სანქციები აამოქმედოს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
მან განმარტა, რომ ჯარიმები შეეხება იმ 800 დასახელების მედიკამენტზე რეფერენტული ფასების დარღვევას, რომლებიც 15 თებერვალს დაწესდა.
„ჯარიმის ოდენობა 5-დან 30 ათას ლარამდეა, გააჩნია რა ტიპის დარღვევას ექნება ადგილი“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წელს კი 15 თებერვლიდან ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.