იერუსალიმის პროტესტი: ისრაელი ბორელს ოფიციალური ვიზიტის უფლებას არ აძლევს

Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ჟოზეპ ბორელის ოფიციალური ვიზიტით მიღებაზე, იუწყება The Jerusalem Post წყაროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საგარეო უწყებამ ასე უპასუხა ბორელის სტატიას, რომელიც Project Syndicate-ში გამოქვეყნდა გასულ კვირაში. პუბლიკაციაში მან პარალელი გაავლო პალესტინელი რადიკალებისა და ისრაელის ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებს შორის.

„ბორელს არ ეკრძალება ქვეყანაში შემოსვლა, მაგრამ <...> ისრაელი არ მისცემს უფლებას ჟოზეპ ბორელს, ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს ქვეყანას — იმ კომენტარების მიმართ პროტესტის ნიშნად, რომლითაც მან პალესტინური ტერორის მსხვერპლნი „ცახალის“ მიერ დახოცილებს გაუთანაბრა“, — წერს Jpost ისრაელის თანამდებობის პირზე დაყრდნობით.

იერუსალიმმა საჯაროდ გააკრიტიკა ჟოზეპ ბორელი მისი პოზიციის გამო. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განუცხადა ბორელს სატელეფონო საუბრისას, მის მიერ გამოყენებული შედარებები მიუღებელია, ვინაიდან „ცრუ ბალანსის დამყარების მიზნით“ ტერორის მსხვერპლ ისრაელელთა და პალესტინელ ტერორისტთა შედარება დაუშვებელია.
მისი თქმით, უნდა შეწყდეს ევროკავშირის ჩარევა ისრაელის საშინაო პოლიტიკაში და პალესტინური სტრუქტურების დაფინანსება, რომლებიც წამქეზებლობითა და ტერორისტების ოჯახებისთვის ფულის გადახდით არიან დაკავებული.
ამასთან ელი კოენმა ჟოზეპ ბორელთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი, როგორც ისრაელის სტრატეგიული პარტნიორი, „განსხვავებულ მიდგომას“ გამოიყენებს, რომელიც ისრაელისთვის მისაღები იქნება.