პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოკადრები გამოაქვეყნა იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილი უმწეო მდგომარეობაში არ იმყოფება.
კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ დაურღვევია კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში დაირღვა ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესები, ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
კადრები, რომლებიც უწყების სოციალურ ქსელში 2022 წლის 14 დეკემბერს გამოქვეყნდა, მოიცავს აგვისტო-დეკემბრის პერიოდს. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება დამოუკიდებლად სააკაშვილი პალატაში, ურთიერთობს ექიმთან, იღებს საკვებს, უყვირის მედპერსონალს და ისვრის საგანს ერთი ოთახიდან მეორეში. ერთ-ერთ კადრში, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ დაფარულია, აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილი საცვლებშია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოთვალთვალის წესების და მონაცემთა დამუშავების პრინციპის დამრღვევად ცნეს 2022 წლის 9 აგვისტოთი დათარიღებული ვიდეოჩანაწერის ეპიზოდზე, სადაც ჩანს, როგორ იღებს საკვებს სააკაშვილი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიიჩნია, რომ სააკაშვილი იყო ინფორმირებული კანონდარღვევით მიმდინარე ვიდეთვალთვალის შესახებ, ხოლო თავად ვიდეოთვალთვალი კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებისა და სამედიცინო პერსონალის წერილობითი ინფორმირების გარეშე ხორციელდებოდა.
თავად ჩანაწერები ვადის განსაზღვრის გარეშე ინახებოდა, რაც ასევე დარღვევაა.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
ამასთანავე სამსახური აღნიშნავს, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჰქონდა უფლება საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე გამოექვეყნებინა სააკაშვილის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მაგრამ მონაცემთა დამუშავება უნდა იყოს ადეკვატური, დასახული მიზნიდან გამომდინარე.
სააკაშვილის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.