„TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

წინასწარი ინფორმაციით, „ალტ-ინფოს“ ადგილობრივმა ლიდერმა ჟურნალისტის ტელეფონი დაამტვრია და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამსახურის მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას“. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს", – წერია უწყების განცხადებაში.

პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო >>
წინასწარი მონაცემებით, ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ადგილობრივი ლიდერი თავს დაესხა გოგელიას, როდესაც ის ცდილობდა გადაეღო, როგორ ხსნიდა ის ევროკავშირის დროშას სოფელ ბახვში ადმინისტრაციის შენობიდან. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტის დროს მან ჟურნალისტს ტელეფონი გაუტეხა და დაარტყა.
გუშინ რუსთაველის გამზირზე „კონსერვატიული მოძრაობისა" და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს" მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს. შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.