თბილისი, 15 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შეურაცხყოფად მიიჩნევს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის დაკავშირებას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კუჭთან.
გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა დისკუსია პოლიტპატიმრების თემაზე, რომლის დროსაც იხილებოდა სააკაშვილის საკითხიც. ევროპარლამენტის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია და ის სიკვდილის პირასაა. მათი სიტყვებით, თუ სააკაშვილი ვერ იცოცხლებს, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
„არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ევროპული მომავალი სააკაშვილი და მისი ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მისი მომავალი ვერ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილმა უბრალოდ მეტი უნდა ჭამოს და ეს ე.წ. პრობლემაც ასე მოგვარდება.
„თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია... არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. ასეთი შთაგონებები, შეგონებები, მუქარები თუ ა.შ. არის წარმოუდგენელი, დამაზიანებელი და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი“, – აღნიშნა მან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამას წინათ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოხსენიება პოლიტპატიმრად მიუღებელია და ევროპარლამენტში კორუფციულ პრობლემებზე მიუთითებს.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, სააკაშვილის მხარდამჭერ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ამ წლის თებერვლის შუა რიცხვებში მიიღეს, სამარცხვინო უწოდა.
რეზოლუციაში საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ქვეყნის ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციაზე. დოკუმენტს მხარი ევროპარლამენტის 577-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 33, ხოლო თავი შეიკავა 26-მა დეპუტატმა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ისეთ პატიმრებთან მოპყრობა, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, არის ლაკმუსის ქაღალდი საქართველოს მთავრობის ერთგულებისა ევროპული ღირებულებებისა და მისი დეკლარირებული ევროპული მისწრაფებებისადმი, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისადმი.
ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
სააკაშვილის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო სარწმუნოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები მიიჩნია, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს ეს გადაწყვეტილება დაადასტურა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.