14 მარტს Sputnik-ლიეტუვას მთავარ რედაქტორსა და რადიო Sputnik-ის პროგრამის წამყვან მარატ კასემს, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების დარღვევის ბრალდებით ორ თვეზე მეტია ლატვიის საპატიმროში იმყოფება, 33 წელი უსრულდება
დღესვე დაიწყო მისი კოლეგების მასშტაბური აქცია - ისინი ფედერალური ტელეარხების, რადიოს და პროფილური „სტრიმების“ ეთერით მარატის მხარდამჭერ განცხადებებს გააკეთებენ.
ჟურნალისტის დაკავებამ ფართო რეზონანსი ჰპოვა დაპატიმრების საეჭვო კანონიერებისა და აბსურდულობის გამო. ეს ევროპაში რუსი ჟურნალისტების უფლებების უხეშად დარღვევის კიდევ ერთი მაგალითია.
ვინ არის მარატ კასემი?
მარატ კასემი - არის ლატვიის მოქალაქე, რომელიც „რუსეთი დღეს“ მედიაჯგუფის განყოფილების, Sputnik-ლიეტუვას მთავარ რედაქტორად მუშაობს.
გარდა ამისა, მარატი არის რადიო Sputnik-ის პროგრამის თანაწამყვანი. მას ეთერი მიჰყავდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელთან, მარია ზახაროვასთან ერთად.
„რუსეთი დღეს“ მედიაჯგუფში მუშაობისას კასემი არაერთხელ გამხდარა დევნის ობიექტი ბალტიის ქვეყნების ხელისუფალთა მხრიდან.
უკანონო დაპატიმრება: „პოლიტიკური“ მუხლი, ზეწოლა და წამება
გასული წლის ბოლოს ჟურნალისტი ლატვიაში ოჯახური მიზეზების გამო (ბებია უკვდებოდა კიბოთი) გაემგზავრა.
3 იანვარს ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ორი დღის შემდეგ ადგილობრივმა სასამართლომ მარატი დააპატიმრა და რიგის ცენტრალურ ციხეში მოათავსა, სადაც ის დღემდე იმყოფება.
კასემს ბრალად ედება ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევას ეხება. მას ელის ოთხ წლამდე პატიმრობა. დაკავების ჭეშმარიტი მიზეზები ბევრ ეჭვს არ ბადებს, რადგან 84-ე მუხლის პირველი პუნქტი - არის კლასიკური დებულება რუსული მასმედიის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ბალტიის ქვეყნების ძალოვანები დევნიან. ადრე მის დარღვევაში ბრალი დასდეს მარატის კოლეგას.
კასემის დაპატიმრებაზე საუბრისას „რუსეთი დღეს“ მედიაჯგუფის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისელიოვმა განაცხადა, რომ „ეს ბალტიის ქვეყნების რეჟიმების ანგარიშსწორებაა რუსული მასმედიაში მისი მუშაობის გამო. მარატი გრძნობდა პოლიტიკურ დევნას და ხშირად საუბრობდა ამაზე“.
Sputnik-ლიეტუვას მთავარი რედაქტორი ადრე, 2019 წელს, ლიეტუველმა სპეცსამსახურებმა მგზავრობის დროს დააკავეს.
ჟურნალისტის თქმით, მაშინ ადგილობრივი ძალოვანები მას ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ თანამშრომლობაზე დაეთანხმებინათ.
„შენ ლატვიის მოქალაქე ხარ. რატომ მუშაობ მათთვის? ისინი მთლად ადამიანები არ არიან, თავისებური ქვეყანაა. შეგიძლია კარგად მოეწყო ჩვენთან, ადგილობრივ მასმედიაში იმუშაო“, - ყვებოდა კასემი წინა დაკავებაზე საუბრისას.
უარის შემდეგ კასემი ლიეტუვის ტერიტორიიდან გააძევეს „ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის“ საბაბით.
ამჟამინდელი დაკავების გარემოებები ასევე მეტყველებს ჟურნალისტის მიმართ განზრახ ზეწოლასა და დაპატიმრების არამართლზომიერ ხასიათზე.
პირველ რიგში, ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 84-ე მუხლი იმდენად ფართოა, რომ ზოგიერთი მისი დებულების ინტერპრეტირება შეიძლება, როგორც ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსულ მასმედიაში მუშაობის სრული აკრძალვისა .
როგორც ლიეტუველმა ადვოკატმა სტანისლოვას ტომასმა აღნიშნა, კანონის დარღვევა „ლატვიის პროკურორის თვალსაზრისით, ის არის, რომ ადამიანი მუშაობს სანქცირებულ დაწესებულებაში.“
„ანუ დანაშაული - სანქციების დარღვევა - არის ასეთ დაწესებულებაში მუშაობა“, - ხაზს უსვამს ტომასი.
84-ე მუხლის მასშტაბი და მისი გამოყენება ჟურნალისტის მიმართ პირდაპირ ბადებს კითხვებს ბალტიელი ძალოვანების მხრიდან სიტყვის თავისუფლების დარღვევის შესახებ, რომელიც დაცულია როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში, ისე ევროკავშირის ქარტიაში.
გარდა ამისა, 84-ე მუხლის პირველი პუნქტით დაკავებულებს ხშირად აღკვეთის ღონისძიების სახით ადებინებენ გაუსვლელობის ხელწერილს. კასემს კი სასამართლო გამიზნულად ტოვებს საპატიმროში. გასულ კვირას მან არ მიიღო დაცვის არცერთი არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ბრალდებულის ყოფნა საპატიმროში.
მარატს არ ეძლევა ადვოკატთან თავის დროზე შეხვედრის უფლება, რაც წარმოადგენს დაცვაზე მისი უფლების ღია საბოტაჟს.
დაბოლოს, საპატიმროში არსებული საშინელი პირობები შეიძლება შეფასდეს, როგორც წამება, რაც ევროპის კონვენციითაა აკრძალული.
30 იანვარს კასემი ცივ, ანტისანიტარულ ერთკაციან საკანში გადაიყვანეს. ამ ფონზე ჟურნალისტს გაუმწვავდა ალერგია და სხვა ქრონიკული დაავადებები.
ციხის ადმინისტრაციამ იგნორირება გაუწია მის არაერთ თხოვნას, ესარგებლა სამედიცინო დახმარებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა სერგეი ბელიაევმა ისაუბრა იმ არაადამიანურ პირობებზე, რომლებშიც კასემი იმყოფებოდა.
„ეს უკვე წამების ტოლფასია, როდესაც ადამიანს შეგნებულად აყენებენ ფიზიკურ ტკივილს“, - ხაზი გაუსვა ბელიაევმა RTVI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კასემის ადვოკატის თქმით, გამოძიებამ ჟურნალისტზე ასეთი ზეწოლა აღიარებითი ჩვენების მისაღებად განახორციელა.
არაადამიანურ პირობებში ერთი კვირის განმავლობაში ყოფნის შემდეგ მარატი გადაიყვანეს წინა საკანში, მაგრამ არ გაუთავისუფლებიათ.
პატიმრობა, როგორც არამართლზომიერი აღკვეთის ღონისძიება - არის ყველაზე წონიანი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გათავისუფლდეს მარატ კასემი.
„ყველაზე დიდი სისულელე, რისი გაკეთებაც ლატვიას შეეძლო“
„კასემის საქმე“ უნდა დასრულდეს მისი გათავისუფლებით, რადგან მისი დაპატიმრების ფაქტი აბსურდულია და არ შეესაბამება ყველაზე საბაზო ადამიანურ პრინციპებს.
„არა გაუგონარი, არა საშინელი, არამედ ყველაზე სულელური, რისი გაკეთებაც ლატვიას, ლიეტუვას თუ ესტონეთს შეეძლოთ, - ეს არის დაკავება, დაპატიმრება და ა.შ.“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორმა მარია ზახაროვამ კასემის პატიმრობაზე საუბრისას.
„იცით რატომ? იმიტომ რომ ნათელია, რომ ეს არის ჟურნალისტის დევნა პოლიტიკური მოტივით“, - დასძინა მან.
„რუსეთი დღეს“ მედიაპორტალის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისელიოვმაც აღნიშნა, რომ დაპატიმრება ხდება „ევროპული განუკითხაობის პირობებში, როდესაც ადამიანი შეიძლება დააკავონ იმის გამო, რომ ის პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა, შეხედულებების, პოზიციის გამო...“
„ლატვიის ხელისუფლება ჩვეულ მიდგომას იყენებს - ადამიანი იყოს და მუხლი ყოველთვის მოიძებნება“, - ხაზი გაუსვა კისელიოვმა.
მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ლატვიამ ჟურნალისტი არა მხოლოდ დააპატიმრა პროფესიული ვალის შესრულების გამო პოლიტიზებული ბრალდებით, არამედ არ მისცა მას მომაკვდავი ნათესავის მონახულების საშუალება.
კასემის ბებია მის ნახვას ვერ მოესწრო და გარდაიცვალა.
კასემის დაპატიმრება, რასაკვირველია, ვნებს ლატვიის, როგორც ცივილიზებული ევროპული ქვეყნის იმიჯს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მარია ბუტინამ აღნიშნა, რომ „მარატ კასემის არჩევანი იყო - ემუშავა ჟურნალისტად მტრულ გარემოში, შეენარჩუნებინა იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომელსაც ის სძულდა. ემუშავა სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ფასად, ეთქვა სიმართლე“.
რუსული მასმედიის ჟურნალისტებზე თავდასხმა
და ბოლოს, „კასემის საქმე უნდა შეწყდეს, რადგან ეს ევროპაში რუსული მასმედიის თანამშრომლების დევნის კამპანიის აშკარა მაგალითია.
რუსი ჟურნალისტები დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან მასობრივ შეტევას განიცდიან. დარღვევების დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნებში ხდება, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამასწინათ საუბრობდნენ ამ სახელმწიფოების აშკარა კოორდინირებულ ნიშნებზე რუსული მასმედიის ჟურნალისტების საკითხთან დაკავშირებით.
Baltnews პორტალის მონაცემებით, ამ მომენტში მხოლოდ ლატვიაში საქმე მარატის 14 კოლეგის წინააღმდეგაა აღძრული.
გარდა ამისა, მარატ კასემის სახით ჟურნალისტებზე თავდასხმა საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების სიცოცხლისუნარიანობის საკითხებში ლაკმუსის ქაღალდია.
რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა საბჭომ მიმართა გაეროს, ევროპის საბჭოს და ეუთოს მარატის საკითხთან დაკავშირებით.
„იმისდა მიხედვით, რა პასუხებს მივიღებთ ან არ მივიღებთ, გასაგები იქნება, რად გარდაიქმნა ესა თუ ის საერთაშორისო ორგანიზაცია“, - ხაზი გაუსვა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ.
ევროპის საბჭოს და ეუთოს დღემდე არ მოუხდენია რეაგირება. გაეროს გენერალური სამდივნოს ოფიციალური წარმომადგენელი „იურიდიული პროცედურების“ დაცვის მოწოდებით გამოვიდა.
თუმცა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ უარი განაცხადა კასემის საკითხის განხილვაზე მიმდინარ სესიის მსვლელობისას, რადგან ეს თემა დღის წესრიგში არ იყო შეტანილი. „სირცხვილია, რომ პროფესიული საქმიანობისთვის ჟურნალისტის დევნის თემა, მისი დაპატიმრება, დაკავება, მრავალჯერადი დაკითხვა და ა.შ. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დღის წესრიგის მუდმივი თემა არ არის“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.
მარატ კასემის დაუყოვნებლივ გათავისუფლება რუსი ჟურნალისტების მიმართ დევნის კამპანიის დასრულების კარგი სიგნალი იქნება.