თბილისი, 13 მარტი - Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მომხდარს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
ქარმა ბათუმის ბულვარში მდებარე ბატუტი აიტაცა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი, 9 წლის ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. საავადმყოფოშია მოთავსებული მეორე დაშავებული მოზარდიც, რომელიც გარდაცვლილი ბავშვის ძმაა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.
„ბათუმის ბულვარში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა თითოეული ჩვენგანი. გულითადად ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების უდიდეს მწუხარებას. გამოჯანმრთელებას და ოჯახში მალე დაბრუნებას ვუსურვებ ტრაგედიის დროს დაშავებულ კიდევ ერთ მცირეწლოვანს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
რიჟვაძის განცხადებით, გამოძიება ტრაგედიის ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 65 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიება მას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.