თბილისი, 13 მარტი - Sputnik. შსს-ს მხრიდან 7 მარტს, საღამოს საათებში გაფრთხილების გამოცხადების მომენტისთვის საპროტესტო აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და ძალის გამოყენების საფუძველი, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
7-10 მარტს თბილისში საპროტესტო აქციებზე „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია გამოვიდა. მომიტინგეთა ნაწილმა გადაწყვიტა ბარიერების გარღვევა და პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. ამის შემდეგ სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია.
სახალხო დამცველის თქმით, აქციის მონაწილეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იყო ძალადობის ფაქტები, უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები.
ომბუდსმენის თქმით, ამის ნაცვლად, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.
გარდა ამისა, ომბუდსმენის თქმით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მთელი აქციის ძალის გამოყენებით, გაუმართლებელ დაშლას 8 მარტსაც.
„მას შემდეგ რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამსხვრევა, პოლიციამ შესაბამისი რეაგირებები განახორციელა, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, შეკრებების მართვის მიზნით, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად დაშავდნენ ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც. გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც, მაშინ როდესაც აქციის მიმდინარეობისას კანონმდებლობა მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს, აღნიშნა ომბუდსმენმა.
„ამავდროულად, შეკრების შეწყვეტამდე და მის პარალელურადაც, სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას, შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმებზე და რიგ შემთხვევაში აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილითა და თანხმობით, სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.
7-9 მარტს აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სახალხო დამცველი და რწმუნებულები იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სამმართველოში, განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში და მოინახულეს 96 დაკავებული პირი. ამასთან რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით.
სახალხო დამცველის სიტყვებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
„მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით. აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში“, - აღნიშნა იოსელიანმა.
მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.